BBC World-ზე აჭარის რეკლამა სლოგანით – Choose your favourite colour ტრიალებს

Choose your favourite colour – ამ სლოგანით აჭარის რეკლამა BBC World-ზე ტრიალებს, – ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათი ცნობით, 200-ზე მეტ ქვეყანაში რეგიონის მრავალფეროვან ტურისტულ პოტენციალს მილიონობით მაყურებელი ეცნობა. ვიდეორგოლის განახლებულ ვერსიაზეც BBC-მ იმუშავა.

„2018 წელი აქტიური იქნება რეგიონის რეკლამირებისა და პოპულარიზაციის კუთხით ჩვენს სამიზნე ქვეყნებში. უკვე დავიწყეთ აქტიური სატელევიზიო რეკლამა BBC-ის ეთერით, რაც აჭარის ტურისტული პოტენციალის გაცნობის გარდა, ჩვენი ქვეყნისა და რეგიონის პოზიტიური იმიჯის ჩამოყალიბებას უწყობს ხელს. BBC-ს გარდა, ჩვენ რეკლამას ვიწყებთ „ევრონიუსსა“ და „დოიჩე ველეზე“, რაც სატელევიზიო რეკლამის გარდა აჭარის შესახებ სიუჟეტების მომზადებას ითვალისწინებს. ბუნებრივია, ამას დაემატება სატელევიზიო რეკლამა, გადაცემები და სიუჟეტები უკვე 16 სამიზნე ქვეყნის ადგილობრივ ტელევიზიებში. ჩვენი სარეკლამო აქტივობები ასევე მოიცავს ონლაინ რეკლამას, გარე რეკლამას, სამიზნე ქვეყნებიდან ჟურნალისტებისა და ტურისტული სააგენტოების მოწვევას აჭარაში, რათა მათ უკეთ შეძლონ აჭარის ტურისტული შესაძლებლობების პოპულარიზაცია ჩვენს პოტენციურ ტურისტებთან“, – განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარემ სულხან ღლონტმა.

Comments

comments