თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობა იგეგმება

თბილისის სატელევიზიო ანძაზე ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობა იგეგმება.
კერძოდ, თბილისის სატელევიზიო კოშკის განვითარებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობის კონცეფციის მოსამზადებლად ტენდერი შპს “საქართველოს ტელერადიოცენტრმა” გამოაცხადა.

სატენდერო პირობების თანახმად, წინადადებების მიღება 9 აპრილს დაიწყება და 11 აპრილს დასრულდება. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება კი 120 ათასი ლარია.

სატენდერო დოკუმენტაციის თანახმად, მომსახურება კომპლექსურია და კონცეფციის თითოეული ვერსიის დიზაინის შექმნა თავის მხრივ ასევე მოიცავს: ობიექტის შესწავლას და კვლევებს, კოშკის კონსტრუქციის პირველად კვლევას, ფუნქციური და არქიტექტურული კონცეფციის შემუშავებას, ინტერიერის არქიტექტურული დიზაინის შემუშავებას და ტექნიკურ-ეკონომიკურ გაანგარიშებებს.

„კონცეფციის შექმნა სხვადასხვა საკითხების შესწავლას მოითხოვს. მათ შორის: ობიექტის ფუნქციების განსაზღვრა, რომელიც შესაძლოა, მოიცავდეს: კვების ობიექტს, პანორამულ პლატფორმას, საგამოფენო სივრცეს და სხვა. ვიზიტორთა მაქსიმალური ოდენობის განსაზღვრით; საპროექტო ობიექტზე, თანამშრომელთა შესასვლელისგან გამიჯნული, სტუმრების შესასვლელების, ბილიკების, სალაროების, მოსაცდელი სივრცეების და სხვა საჭირო ინფრასტრუქტურის კონცეფციის შემუშავება უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით; ვიზიტორთათვის განკუთვნილი ლიფტის კონცეფციის შემუშავება; კვების ობიექტის მოძრავი იატაკის მოწყობის შესაძლებლობის კვლევა და მიახლოებითი ხარჯების დადგენა და ა.შ.“-აღნიშნულია სატენდერო დოკუმენტაციაში.

ამასთან, როგორც დოკუმენტაციაშია აღნიშნული, თბილისის სატელევიზიო კოშკის განვითარებისა და ტურისტული ღირსშესანიშნაობის მოწყობის კონცეფციის მომზადებისას გათვალისწინებული უნდა იქნეს აუცილებელი მოთხოვნა – სატელევიზიო კოშკის განვითარების კონცეფციით შემოთავაზებული ტურისტული ან სხვა ინფრასტრუქტურის მოწყობის სამუშაოები დაგეგმილი უნდა იყოს კოშკის 41 მეტრი სიმაღლის ნიშნულზე მდებარე კონსტრუქციაზე. აღსანიშნავია, რომ ახალი ფუნქციური დატვირთვის მიუხედავად კოშკის ძირითადი ფუნქცია უცვლელი რჩება და სატელეკომუნიკაციო დანიშნულებას წარმოადგენს

Comments

comments