ქართული სპორტის ერთი კვირის ნადავლი: ჩემპიონი მორაგბეები, 16 ოქრო, 8 ვერცხლი, 9 ბრინჯაო

გასული კვირა ქართული სპორტისთვის ძალიან წარმატებული გამოდგა. 18-წლამდე მორაგბეთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთი პირველად დაამარცხა და კონტინენტის ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა, რუმინეთში ქართველმა ძალოსნებმა გუნდური პირველი ადგილი და 15 მედალი მოიპოვეს, თბილისის გრან პრი საქართველოს ნაკრებმა 14 მედლით დაასრულა, ქართველმა მოკრივეებმა კი რუმინეთიდან ისტორიული მედლები წამოიღეს. ჯამში, ძალოსნებმა ძიუდოისტებმა და მოკრივეებმა საქართველოს 33 მედალი მოუტანეს.
18-წლამდე მორაგბეებისთვის ეს ზედიზედ მეოთხე ფინალი იყო ევროპის ჩემპიონატზე, თუმცა ფრანგების ძლევა პირველად მოახერხეს. მეტოქე 3:8 დაამარცხეს და კონტინენტის საუკეთესოები გახდნენ.

ძალოსნებმა კი რუმინეთის დედაქალაქ ბუქარესტში, არც მეტი, არც ნაკლები 10 ოქროს მედალი, 3 ვერცხლი და 2 ბრინჯაო მოიპოვეს და გუნდური პირველი ადგილით დაასრულეს გამოსვლა. ქალებში საუკეთესო ანასტასია გოტფრიდი იყო, რომელმაც სამი ოქროს მედალი მოიპოვა, ლაშა ტალახაძემაც კვლავ დაანახა მსოფლიოს, რომ ის პლანეტის ყველაზე ძლიერი სპორტსმენია.

პარასკევს, თბილისში დაწყებული ძიუდოს გრან პრი კი ძალიან წარმატებული გამოდგა საქართველოს ეროვნული გუნდისთვის. ოქროს მედალი ირაკლი ცირეკიძის გუნდმა მხოლოდ ორ წონით კატეგორიაში დაკარგა, მთლიანობაში კი 5 ოქროს, 3 ვერცხლისა და 6 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. აქედან, ერთი ბრინჯაო, 17 წლის მარიამ ჭანტურიას ანგარიშზეა. დასამახსოვრებელი იყო გრან პრის პირველი დღე, სადაც -60 კგ წონით კატეგორიაში, ყველა მედალი საქართველოს ერგო და შესაბამისად, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში საქართველოს ოთხი დროშა აღიმართა.

ისტორიული გამოდგა 22-წლამდე ქართველი მოკრივეების გამოსვლაც რუმინეთის ქალაქ ტირგუ ჟიუში, სადაც 8 ქართველიდან, ოთხმა, 1 ოქროს, 2 ვერცხლისა და 1 ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.

Comments

comments