უკრაინელი ჟურნალისტები აჭარის შესახებ რეპორტაჟებს ამზადებენ

აჭარის შესახებ უკრაინელი ჟურნალისტები სატელევიზიო სიუჟეტებს ამზადებენ. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის მოწვევით, რეგიონში უკრაინაში პოპულარული არხების “1+1”-სა და “UA-First” გადამღები ჯგუფები არიან ჩასულები. ისინი რეგიონის ტურისტულ პოტენციალს ეცნობიან. ინფორმაციას აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ავრცელებს.

ჟურნალისტებმა უკვე გადაიღეს აჭარული ხაჭაპურის მასტერკლასები, ბათუმის ძირითადი ტურისტული ღირსშესანიშნაობები, ფოლკლორი და მთიანი აჭარის ტურისტული პროდუქტები. ისინი ასევე მოამზადებენ სიუჟეტებს იმის შესახებ, თუ რა სიახლეები დახვდება ტურისტებს აჭარაში და როგორ ემზადება რეგიონი ტურისტული სეზონისთვის. ისინი შეხვდნენ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტს, რომელმაც ჟურნალისტებს 2018 წელს დაგეგმილი პროექტები გააცნო. ჟურნალისტები რეგიონს დღეს დატოვებენ.

“გასულ წელს 500-მდე ჟურნალისტი, ბლოგერი და ტურისტული სააგენტოს წარმომადგენელი სტუმრობდა რეგიონს. წელს ჩვენ ვაგრძელებთ აჭარის პოპულარიზაციას სამიზნე ქვეყნების მედიასაშუაებების მეშვეობით. საერთაშორისო მედია დიდ ყურადღებას იჩენს ჩვენი რეგიონის მიმართ და რათქმაუნდა მათ მიერ მომზადებული თითოეული სტატია, რეპორტაჟი თუ გადაცემა იწვევს ჩვენი პოტენციური ტურისტების დაინტერესებას აჭარითა და ზოგადად ჩვენი ქვეყნით. ამჯერად, უკრაინელ ჟურნალისტებს ვმასპინძლობთ. ბუნებრივია ისინი არიან ძალიან პოპულარული ტელეკომპანიების წარმომადგენლები და ჩვენთვის მნიშვნელოვანია მათ ჩვენს პოტენციურ ტურისტებს მიაწოდონ სანდო და კარგად მომზადებული რეპორტაჟები. რათქმაუნდა, ჩვენ წლის ბოლომდე გავაგრძელებთ პრეს და ინფოტურიების ორგანიზებას სამიზნე ქვეყნებიდან,” განაცხადა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის თავმჯდომარე სულხან ღლონტმა.

Comments

comments