საჩხერე-ონის დამაკავშირებელი გზის პირველ მონაკვეთზე მშენებლობა უკვე დაიწყო, – ამის შესახებ საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი სეთურიძემ განაცხადა.
“პირველ მონაკვეთზე კონტრაქტორები უკვე შერჩეული გვყავს და მათ შორის არის სამშენებელო კომპანია “მამისონი“. პირველ მონაკვეთზე საჩხერე-ქვემო ხევი სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო. ჯერ მაგისტრალური წყალსადენის გაყვანის პროცედურები მიმდინარეობს, შემდეგ უკვე ჩვენ განვაგრძობთ. საბოლოო სამუშაოების დასრულების ვადა 2019-2020 წლებია“, – აღნიშნავს სეთურიძე.
მისივე ინფორმაციით, საჩხერე-უზუნთა-შქმერი-ონის ასაშენებელი გზის სიგრძე – 52 კილომეტრია და მას ექნება გადასასვლელი უღელტეხილზე ზღვის დონიდან 1898 მეტრის სიმაღლეზე.
რაც შეეხება მშენებლობის სავარაუდო ღირებულებას, საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის თქმით, პირველი მონაკვეთის – საჩხერე-ქვემო ხევის ღირებულება 7 926 930 ლარია და მთლიანობაში პროექტის ღირებულება რამდენი იქნება – უცნობია.
შეგახსენებთ, რომ ზემო იმერეთი-რაჭის დამაკავშირებელი საავტომობილო გზის მშენებლობა-რეკონსტრუქციის პროექტი განსაკუთრებული სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი პროექტების ნუსხაში შედის.