რიკოთის უღელტეხილის ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე $1 მილიარდი დაიხარჯება

რიკოთის უღელტეხილისა და მლეთა-კობის მიმართულებებით საგზაო ინფრასტრუქტურის მშენებლობაზე ტენდერები მაისის ბოლოს გამოცხადდება, – ამის შესახებ საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ზურაბ ალავიძემ “საქმის კურსის” ეთერში განაცხადა. მისივე განმარტებით, აღნიშნული მონაკვეთების დაპროექტების სამუშაოები დასრულების ეტაპზეა.

„2017 წელს ძირადი მაგისტრალებისა და მიმართულებების პროექტირება მიმდინარეობდა, საუბარაია დაახლოებით 800 კილომეტრ გზაზე. აპრილის ბოლოს ჩვენ უკვე მივიღებთ დიდ ნაწილს ამ პროექტებისას და მაისის ბოლოს, ივნისის დასაწყისში, დავიწყებთ სამშენებლო ტენდერებს. ერთ-ერთი პროექტია რიკოთი, რომლის სავარაუდო ღირებულება მილიარდ დოლარს აჭარბებს, ამ მონაკვეთის სიგრძე 54 კილომეტრია, აქ არის 90-მდე ხიდი, ესტაკადა და 45 გვირაბი. წელსვე უნდა დავაკონტრაქტოთ სამშენებლო კომპანიები და 2021 წელს რიკოთის პროექტი უნდა დავასრულოთ.
ასევე მნიშვნელოვანია მლეთა-კობის გზის ნაწილი, ქვეშეთი-კობის მიმართულება, აქაც 23 კილომეტრამდე გზა გამოდის, სადაც 9 კილომეტრი არის სამანქანო გვირაბი. ასეთი დიდი გვირაბი საქართველოში არასდროს გაგვიყვანია, ეს პროექტიც უნდა დასრულდეს 2021 წელს. ორივე პროექტი მნიშვნელოვანია იმ კუთხითაც, რომ ის განტვირთავს გუდაურისკენ მიმავალ გზას, ანუ ის ტრანზიტი, რაც რუსეთის მიმართულებით მიდის, გადაინაცვლებს ამ ახალ საგზაო მონაკვეთებზე და გუდაურისკენ მიმავალი გზაზე მხოლოდ ტურისტები ივლიან“ – განაცხადა ზურაბ ალავიძემ.

Comments

comments