ბრიტანეთის საგარეო უწყების ვიდეო–საქართველო რუსული აგრესიის ქრონოლოგიაში

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის აგრესიის ამსახველი ვიდეორგოლი გამოაქვეყნა. ვიდეორგოლში საქართველო რუსული აგრესიის ჩამონათვალშია.
ბრიტანეთის საგარეო უწყების Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ ვიდეორგოლში ნათქვამია, რომ „რუსეთი ამჟღავნებს ღია და აშკარა უპატივცემულობას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ“. ვიდეოში ნაჩვენებია წლების მიხედვით რუსეთის მიერ განხორცილებული აგრესია.
საწყის წერტილად აღებულია 2006 წელი და ალექსანდრ ლიტვინენკოს მკვლელობა. ამას მოსდევს 2008 წელს და მოსკოვის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესია, შემდეგ 2014 წელი და რუსეთის მიერ ყირიმის ანექსია.
ასევე, ნაჩვენებია 2015 წელს რუსეთის მიერ გერმანიის პარლამენტსა და დანიის თავდაცვის და საგარეო საქმეთა სამინისტროზე მიტანილი კიბერიერიში. ჩამონათვალში მოხვდა ასევე რუსეთის მიერ მონტენეგროს არჩევნებში ჩარევა და უკრაინის წინააღმდეგ განხორცილებული ჯაშუშური კამპანია.
როგორც დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ვიდეორგოლის დასკვნაშია ნათქვამი, ჩამოთვლილი ფაქტები ცხადყოფს, რომ „კრემლს საერთაშორისო სამართალზე დაფუძნებული სისტემის მოშლა სურს“.
საგარეო უწყება სოციალურ ქსელში აცხადებს, რომ 4 მარტს სოლსბერიში მომხდარი მოწამვლის ფაქტი რუსეთის აგრესიის გაგრძელებას წარმოადგენს.
66 წლის სერგეი სკრიპალი 33 წლის ქალიშვილთან ერთად უგონო მდგომარეობაში ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში 4 მარტს იპოვეს. პოლიციის ინფორმაციით, მათ მოსაწამლად ნერვების პარალიზების გამომწვევი ნივთიერება გამოიყენეს. ამის გამო, ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს.

Comments

comments