ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს

დიდი ბრიტანეთი რუსეთის უმაღლეს ხელისუფლებასთან ყველა დონის ურთიერთობას წყვეტს. ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა ტერეზა მეიმ პარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხდა.
მეის თქმით, რუსეთის მიერ ყოფილი რუსი ორმაგი აგენტის მოწამვლის შემდეგ, რუსეთ-ბრიტანეთის ურთიერთობა ჩვეულ რეჟიმში ვეღარ გაგრძელდება.
პრემიერ ტერეზა მეის განცხადებით დიდი ბრიტანეთი ქვეყნიდან 23 რუს დიპლომატს გააძევებს, რომლებიც დაზვერვის თანამშრომლებად ითვლებიან. გავრცელებული ცნობით, გაიყინება მათი საბანკო ანგარიშები.
“ეს იქნება ყველაზე დიდი გაძევება ბოლო 30 წლის განმავლობაში. ეს პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც რუსეთი ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ მოქმედებს.

ჩვენ ვიწყებთ დაუყოვნებლივ მოქმედებას დიდ ბრიტანეთში რუსული ჯაშუშური ქსელის აღმოსაფხვრელად” – განაცხადა მეიმ პარლამენტში.

შეგახსენებთ, ყოფილი რუსი ორმაგი აგენტი სერგეი სკრიპალი და მისი შვილი იულია, 6 მარტს მოწამლეს. მათ ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში გონება დაკარგეს. მამა-შვილი კომატოზურ მდგომარეობაში იმყოფება და გადარჩენისთვის იბრძვის. როგორც ექსპერტიზამ დაადგინა, ისინი რუსეთში წარმოებული ახალი თაობის ნერვული აგენტით მოწამლეს, სახელწოდებით “ნოვიჩოკი.”

Comments

comments