ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაცია იწყება

ახმეტა – თიანეთის 30 კილომეტრიანი საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული აზერბაიჯანული კომპანია AGT Menegment, Meslehet, Tikinti Xidmetleri MMC შეასრულებს, რომელთანაც ხელშეკრულება 2017 წლის 25 ივლისს დაიდო და 2021 წლის 2 თებერვლამდეა ძალაში. პროექტის ღირებულება 18 964 873 ლარია.

საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის გიორგი სეთურიძის განცხადებით, ახმეტა – თიანეთის გზის რეაბილიტაციას მსოფლიო ბანკი აფინანსებს და სხვადასხვა საკითხების, მათ შორის გზის დიზაინის შეთანხმების გამო, სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება გასულ წელს ვეღარ მოხერხდა.

„ახმეტა – თიანეთის გზაზე რამდენიმე მეწყრული უბანია. შემსრულებელი კომპანია ამ უბნებს იკვლევდა, შემდეგ გზის კონსტრუქციაზე შევთანხმდით. კომპანიას ტექნიკა უკვე მობილიზებული აქვს და მასშტაბური სამუშაოები რამდენიმე დღეში დაიწყება“, – აღნიშნა სეთურიძემ.

გზის რეაბილიტაცია ქალაქ ახმეტიდან უნდა დაიწყოს და სავარაუდოდ 20 თვეში უნდა დასრულდეს.

ახმეტა – თიანეთის გზა ილტოს ხეობის სოფლებზე და კვეტერას ეკლესიის ტერიტორიაზე გადის. ახმეტის მუნიციპალიტეტის მერიაში ვარაუდობენ, რომ გზის რეაბილიტაციის შედეგად ილტოს ხეობის სოფლებში სოციალურ–ეკონომიკური პირობები გაუმჯობესდება.

ახმეტა – თიანეთის გზით მნიშვნელოვნად მცირდება მანძილი ახმეტიდან ფშავის, ხევსურეთის და ყაზბეგის მიმართულებით. ტურიზმის სპეციალისტების თქმით, ახმეტა –თიანეთის გზა ხელს შეუწყობს ლარსის სასაზღვრო-გამშვები პუნქტიდან საქართველოში შემოსული ტურისტების თიანეთის და ახმეტის მუნიციპალიტეტებში მიზიდვას.

Comments

comments