გერგეტის სამების ეკლესიამდე მისასვლელი ახალი გზა კეთდება

ყაზბეგის მუნიციპალიტეტში, სტეფანწმინდა-სამების ეკლესიასთან მისასვლელი საავტომობილო გზის 5.6-კმ-იანი მონაკვეთის სამშენებლო სამუშაოები მიმდინარეობს.
მიმდინარე სამუშაოებს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე ადგილზე გაეცნო.
„პროექტის ფარგლებში განხორციელდება: ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, საყრდენი კედლების, ავტომობილების გასაჩერებელი მოედნებისა და გზის კეთილმოწყობის სამუშაოები. ასევე, მოხდება საგზაო ნიშნების მოწყობა და გზის ჰორიზონტალური მონიშვნა.
ამ ეტაპზე, მიწის ვაკისის მოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის დასრულების შემდეგ, ტურისტები, ადგილობრივი მოსახლეობა და მომლოცველები შეძლებენ იმოძრაონ განახლებული და კომფორტული გზით, ნაცვლად გრუნტოვანი, დაზიანებული გზისა.
გერგეტის ყოვლადწმინდა სამების ტაძარი XIV საუკუნის ძეგლია და განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს ტურისტების მხრიდან. აღნიშნული გზის მშენებლობა მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს, ყაზბეგში ტურისტული პოტენციალის განვითარებას.
სამუშაოები 2017 წლის მაისში დაიწყო და 2018 წლის ნოემბერში დასრულდება. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 7 793 854 ლარია. პროექტის ფარგლებში 50-მდე ადამიანი დასაქმდა”, აღნიშნულია რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

Comments

comments