საქართველოსა-შვეიცარიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ამოქმედდება

საქართველოსა და შვეიცარიას შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება ძალაში 1 მაისიდან შევა. საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის (EFTA) ქვეყნებს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება 1 სექტემბრიდან შევიდა ძალაში და პირველ ეტაპზე შეთანხმება ნორვეგიასა და ისლანდიას შორის ამოქმედდა.
საქართველოსა და EFTA-ს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმებას 2016 წლის 27 ივნისს ქ. ბერნში (შვეიცარიის კონფედერაცია) ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის მინისტერიალის ფარგლებში მოეწერა ხელი.
საქართველოსა და ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის წევრ სახელმწიფოებს (EFTA) შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება საქართველოში არსებულ საწარმოებს საშუალებას მისცემს, რომ წარმოებული პროდუქტის დიდი ნაწილი სატარიფო ბარიერების გარეშე შეიტანონ დამატებით 14 მილიონიან, მაღალმსყიდველუნარიან ბაზარზე.
შეთანხმება მოიცავს ისეთ საკითხებს, როგორიცაა საქონლით ვაჭრობა, მომსახურებით ვაჭრობა, სანიტარიული და ფიტოსანიტარიული ზომები, ვაჭრობაში ტექნიკური ბარიერები, წარმოშობის წესები, ვაჭრობის ხელშეწყობა და თანამშრომლობა საბაჟო საკითხებში, ინტელექტუალური საკუთრება, სახელმწიფო შესყიდვები, კონკურენცია, ვაჭრობაში დაცვითი ზომები და მდგრადი განვითარება.

Comments

comments