თბილისის ზღვაზე ტროპიკული ტყის ექსპოზიცია შეიქმნება

თბილისის ზღვის მიმდებარედ, თბილისის ახალი ზოოპარკის ტერიტორიაზე, ტროპიკული ტყის ექსპოზიციის გაკეთება იგეგმება. თბილისის ზოოპარკის წარმომადგენლები ინდონეზიური ზოოპარკების ასოციაციის მიწვევით,ინდონეზიაში იმყოფებოდნენ.
ვიზიტი საქართველოს საელჩოს ინდონეზიის რესპუბლიკაში და საქართველოს ელჩის, ზურაბ ალექსიძის ინიციატივით დაიგეგმა. სტუმრობის მიზანი ინდონეზიურ ზოოპარკებთან საქმიანი ურთიერთობის დამყარება იყო – თანამშრომლობა კონსერვაციის მიმართულებით, გამოცდილების გაზიარება და ცხოველების გაცვლა.
ქართულმა დელეგაციამ რამდენიმე წამყვანი ზოოპარკი, საფარი პარკი და აკვარიუმი მოინახულა. გაიმართა შეხვედრები ინდონეზიის ზოოპარკების ასოციაციის თავმჯდომარე რაჰმათ შაჰთან და ზოოპარკების ხელმძღვანელებთან.
როგორც ზოოპარკის ადმინისტრაციაში აცხადებენ, ინდონეზია ბიომრავალფეროვნების მხრივ მდიდარი ქვეყანაა და იქ გავრცელებული სახეობების რაოდენობით მესამე ადგილზეა ბრაზილიისა და კოლუმბიის შემდეგ. ინდონეზიის ფაუნის წარმომადგენლების ნახვა ქვეყნის გარეთ დიდი იშვიათობაა.
„გამომდინარე იქიდან, რომ თბილისის ახალ ზოოპარკში ტროპიკული ტყის ექსპოზიციის გაკეთება იგეგმება, ინდონეზიის ზოოპარკებთან მჭიდრო თანამშრომლობა ტროპიკული აზიის რეგიონის სრულყოფილად წარმოდგენაში დაგვეხმარება. ინდონეზიიდან უამრავი სამომავლო გეგმა ჩამოვიტანეთ და კიდევ უფრო მეტი ენთუზიაზმითა და შემართებით ვაგრძელებთ შენებასა და განვითარებას“, – აცხადებენ თბილისის ზოოპარკის ადმინისტრაციაში.

Comments

comments