ისრაელიდან ანაკლიაში საწარმოების გადმოტანა განიხილება

ისრაელში მოღვაწე ბიზნესი ანაკლიაში საწარმოების გადმოტანას განიხილავს.
საუბარია ანაკლიის პორტთან სპეციალურ ეკონომიკური ზონაში კომპანიების შემოყვანაზე. გეგმა დაადასტურა ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა შრაგა ბროშმა, რომელიც საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეხვდა.
„ბიზნესის კეთება ძალიან მარტივია, რადგანაც არ ვაწყდებით ბიუროკრატიულ, დროში გაწელილ პროცედურებს, მოქნილი საგადასახადო სისტემა და ხელისუფლების ძლიერი სწრაფვა ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისკენ კი, საქართველოსადმი ბიზნესმენების დიდ დაინტერესებას განაპირობებს – განაცხადა ბროშმა შეხვედრის შემდეგ.
შეხვედრაზე ისაუბრეს საქართველოს საინვესტიციო პოტენციალზე. აღინიშნა, რომ ინდუსტრიული და ლოგისტიკური პარკები, საცხოვრებელი, ტურისტული, საფინანსო და ბიზნესცენტრები, რეკრეაციული ზონები – ეს იმ გეგმის ნაწილია, რომელიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მიმდებარე ტერიტორიის მოწყობა-განვითარებას უკავშირდება.
ამასთან, ისრაელის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოს მიმართ დაინტერესება არა მხოლოდ წარმოების სექტორს, არამედ სოფლის მეურნეობას, ტურიზმს და სხვა მნიშვნელოვან სფეროებს მოიცავს და ყურადღება საქართველოს მიმართ ისრაელელი ინვესტორების დიდ ინტერესზე გაამახვილა.

Comments

comments