ბრუნვის გადასახადი 5%-დან 1%-მდე დაიწევს

საქართველოში მცირე მეწარმეებისთვის ბრუნვის გადასახადი 5-ჯერ მცირდება და 5%-ის ნაცვლად 1%-ით დაიბეგრება.
ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.
პრემიერის თქმით, მეწარმეობის განვითარება არის ძალიან მნიშვნელოვანი პრიორიტეტი, განსაკუთრებით, მცირე მეწარმეობა.
“ჩვენ ვიწყებთ მცირე ბიზნესის ხელშეწყობის მეორე ტალღას, მას შემდეგ, რაც წარმატებით ხორციელდება პროგრამები – „აწარმოე საქართველოში“, სოფლის მეურნეობის მიმართულებით არსებული პროგრამები – „დანერგე მომავალი“ და ა.შ. ჩვენ შემოვდივართ ახალი ინიციატივით და მე მინდა, მადლობა გადავუხადო მამუკა ბახტაძეს, რომელმაც ძალიან საინტერესო საკანონმდებლო პაკეტის ინიცირება წარმოადგინა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე. ახალი საგადასახადო ინიციატივა ითვალისწინებს მცირე მეწარმეებისათვის დაბეგვრის შეღავათიანი საგადასახადო რეჟიმის დაწესებას. კერძოდ, მცირე მეწარმეებისთვის 5-ჯერ ვამცირებთ ბრუნვის გადასახადს და 5%-ის ნაცვლად იქნება 1%-იანი ბრუნვის გადასახადი”, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა.
“ამასთან, მცირე ბიზნესად დღეს თუ ითვლება 100 000 ლარამდე ბრუნვის მქონე საწარმო, ამ კატეგორიაში 500 000 ლარამდე ბრუნვის საწარმო ჩაითვლება და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს არის მართლაც ძალიან მნიშვნელოვანი შვება მცირე მეწარმეობით დაკავებული ადამიანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანი შემცირება საგადასახადო ტვირთის და, რათქმაუნდა, წახალისება ახალი მეწარმეებისა, რომელთაც სურთ საქმიანობის წამოწყება. მე დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი მეწარმეები აიტაცებენ ამ ინიციატივას, გაჩნდება ახალი საწარმოების შემქნის ინიციატივები და ეს იქნება ძალიან მნიშვნელოვანი ახალი ჟანგბადი მცირე მეწარმეებისთვის, მათი საწარმოების განვითარებისთვის”, – აღნიშნა გიორგი კვირიკაშვილმა.

Comments

comments