20 მილიონ დოლარად ბათუმში ყინულის ახალი არენა და საცურაო აუზი შენდება

ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარების მიზნით არსებული ყინულის სასახლის ადგილზე ახალი ყინულის არენა და საცურაო აუზი აშენდება. სამუშაოების შესყიდვის ღირებულება 19 990 002 აშშ დოლარია, რაც კომპლექსის დაპროექტების დროს შესაძლოა შეიცვალოს. ლადო ასათიანის ქუჩაზე, #27-ში, სპორტული კომპლექსის აშენებას კანადური კომპანია Westincor Limited-ი აპირებს, რომელთანაც შპს „სტადიონი“ ხელშეკრულებას ტენდერის გარეშე გააფორმებს.

„მკაცრი პირობაა, რომ პირველ სექტემბრამდე მოეწყოს ისეთი კონსტრუქცია და იმ ფორმით, რომ მასში საჭადრაკო ოლიმპიადის ჩატარება იყოს შესაძლებელი. ოლიმპიადის შემდეგ, გაგრძელდება მშენებლობა და დასრულებულ სახეს მიიღებს 2020 წლის ბოლოს. რაც შეეხება თანხას, კომპანიას საწყის ეტაპზე გადავუხდით საბოლოო ღირებულების 20%-ს, ხოლო დანარჩენ თანხას დავფარავთ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში,“ – განაცხადა სულხან ხალვაშმა, შპს „სტადიონის“ დირექტორმა.

კანადური კომპანია Westincor Limited-ი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ კონკურსის წესით შეარჩია. კომპანია ყინულის არენასა და საცურაო აუზს დააპროექტებს და ააშენებს კიდეც. საბოლოო პროექტი 4 თვეში უნდა იყოს მზად.

ქალაქ ბათუმში, ლადო ასათიანის ქუჩაზე, #27-ში, მდებარე მიწის ნაკვეთებზე [ფართობი: 17 410 კვ/მ და 7 153 კვ/მ] დახურული სპორტული კომპლექსი – ყინულის არენა [ტრიბუნებით 1500 ადგილზე] და საცურაო აუზი [ტრიბუნებით 1000 ადგილზე] უნდა აშენდეს. ტერიტორია, სადაც ამჟამად ყინულის სასახლეა განთავსებული, ბათუმის მერიის საკუთრებაა. ჯერ გადაწყვეტილი არ არის ტერიტორია გადაეცემა თუ არა აჭარას. გადაწყვეტილი ჯერ არც ის არის, ვინ მართავს ახალ კომპლექსს – მერიის თუ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის რომელიმე უწყება.

არსებულ ყინულის სასახლეს [გასაბერი კონსტრუქცია] ახალი კომპლექსის მშენებლობის დასრულების შემდეგ დაშლიან, მოციგურავეებს ვარჯიშში ხელი რომ არ შეეშალოთ.

Comments

comments