FIFA-ს მსოფლიო თასი თბილისშია

FIFA Wold cup trophy tour-ის თვითმფრინავი თბილისის აეროპორტში დილით დაეშვა. მსოფლიო თასის ტურის ორგანიზებას კომპანია კოკა-კოლა და თბილისის მერია უწევენ.

გულშემატკივრებს საშუალება აქვს საკუთარი თვალით იხილონ საფეხბურთო სფეროში არსებული უმაღლესი ჯილდო.

ღონისძიების მიზანია ფეხბურთის, როგორც განსაკუთრებით პოპულარული სპორტული სახეობისა და მისით დაინტერესებული მილიონობით ადამიანის მხარდაჭერა. FIFA- ს მსოფლიო თასის ტური კოკა-კოლამ 2017 წლის სექტემბერს დაიწყო. ტური პლანეტის 6 კონტინენტის 50-ზე მეტ ქვეყანას მოიცავს და ცხრა თვის განმავლობაში 126000 კილომეტრს გაივლის.

მსოფლიოს თასი 13:00 საათიდან თბილისი მოლის შენობაშია და მისი ხილვა ქართველ გულშემატკივარს თბილისი მოლის ცენტრალურ ატრიუმში, 13:00 საათიდან 18 :00 საათამდე შეეძლება.

FIFA-ს მსოფლიო თასი მსოფლიოში აღიარებული და ფასდაუდებელი სპორტული სიმბოლოა, მისი შეხება ადამიანების ძალზედ ვიწრო წრეს შეუძლია, მათ შორის FIFA-ს მსოფლიო თასის გამარჯვებულებს და სახელმწიფოს მეთაურებს. თასი ოქროსგანაა დამზადებული და 6.142 კილოგრამს იწონის. მისი ამჟამინდელი დიზაინი დასაბამს 1974 წლიდან იღებს. რეგულაციების თანახმად, თასი რჩება FIFA-ს საკუთრებაში, გამარჯვებულ გუნდს შეუძლია მხოლოდ დროებით დაიტოვოს იგი, ხოლო სამუდამო საკუთრებაში მათ გადაეცემათ თასის ასლი, რომელიც მოოქროვილია და მასზე დატანილია წელი, მასპინძელი ქვეყანა და გამარჯვებული გუნდის სახელწოდება.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას, რომელიც ფიფა-ს წევრია, მსოფლიო თასის ტურის შესახებ ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მხოლოდ მისი ჩამოსვლის შემდეგ, სოციალურ ქსელში არსებულ გვერდზე გავრცელდა რამდენიმე ფოტო, რომ აღნიშნული სიმბოლო საქართველოს დედაქალაქშია. როგორც “აიპრესს” ეროვნული ნაკრების მედია ოფიცერმა განუმარტა, აღნიშნული ტურნის ორგანიზატორი კოკა-კოლაა და ფედერაციას ინფორმაციის გავრცელების უფლება არ ჰქონდა. თბილისის მერიისთვის კი ამ ინფორმაციის გავრცელება არავის შეუზღუდავს.

2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატს 14 ივნისიდან 15 ივლისის ჩათვლით, რუსეთის 11 ქალაქის 12 სტადიონი უმასპინძლებს.

Comments

comments