მზად ვართ,მოვსინჯოთ ევროკავშირთან თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები

მზად ვართ, მოვსინჯოთ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, რათა ევროკავშირთან ინტეგრაციის მაქსიმალურად მაღალ დონეს მივაღწიოთ, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა საქართველო-ევროკავშირის ასოცორების საბჭოს სხდომის შემდეგ, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელ ფედერიკა მოგერინისთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ორივე მხარე აღიარებს, რომ ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებში ასოცირების საბჭოს ბოლო სხდომის შემდეგ შეინიშნება უდიდესი პროგრესი. მიღწეულია უმნიშვნელოვანესი შედეგები – პირველ რიგში, უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებისთვის.
ჩვენ ვახორციელებთ ასოცირების ხელშეკრულებას და თანამშრომლობის თითქმის ყველა სფეროში ვუახლოვდებით ევროკავშირის საკანონმდებლო და ინსტიტუციურ სტანდარტებს. ნოემბერში ჩვენ მივიღეთ ევროკავშირი-საქართველოს ასოცირების ამბიციური დღის წესრიგი პრიორიტეტების გრძელი სიით, რომელიც 2020 წლის ჩათვლით უზრუნველყოფს პოლიტიკური ასოცირების და ეკონომიკური ინტეგრაციის გაღრმავებას.
საქართველო ახორციელებს ეტაპობრივ ინტეგრაციას ევროკავშირის შიდა ბაზარზე. ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შეთანხმების განხორციელებამ საქართველოში ადგილობრივ და საერთაშორისო ბიზნესებს მისცა ახალი შესაძლებლობები. დღეს ევროკავშირი არის ჩვენი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი. ჩვენ ვახორციელებთ ევროკავშირში ჩვენი ექსპორტის დივერსიფიკაციას, რომელიც ასევე იზრდება: შარშან კომისიამ აგვინთო მწვანე შუქი ქართული თაფლისა და შავი ზღვის თევზისა და თევზპროდუქტების ექსპორტზე ევროკავშირის ბაზარზე.
ჩვენ ვავითარებთ ჩვენი ინსტიტუტების თავსებადობას ევროკავშირის სტანდარტებთან და ვამკვიდრებთ ევროპულ პრაქტიკას სხვადასხვა სფეროში ევროკავშირის უწყებებსა და პროგრამებში ინტეგრაციის გზით. საქართველოს აკრედიტაციის ცენტრის გაწევრიანება ევროპული აკრედიტაციის თანამშრომლობაში არის ევროკავშირთან ურთიერთქმედების მიღწევის კარგი მაგალითი. ამ ტენდენციას ჩვენ კიდევ უფრო განვავითარებთ.
ჩვენ ეტაპობრივად ვაღრმავებთ სექტორულ თანამშრომლობას, რომელიც აღინიშნა საქართველოს შესვლით ევროპის ენერგეტიკულ გაერთიანებაში.
ჩვენ ვდგამთ კონკრეტულ ნაბიჯებს ევროპის საგანმანათლებლო და კულტურულ სივრცეში ინტეგრაციის მისაღწევად. თბილისში შეიქმნება აღმოსავლეთ პარტნიორობის ევროპული სკოლა, რომელიც სექტემბერში კარს გაუღებს სტუდენტებს ექვსივე პარტნიორი ქვეყნიდან.
მადლობას მოვახსენებთ ევროკავშირს ჩვენი ტრანსფორმაციის პროცესში შეტანილი უდიდესი წვლილისთვის. ჩვენ ვაფასებთ დახმარების ახალ პაკეტს, რომლის ფარგლებშიც 2017-2020 წლებში საქართველოში რეფორმების განსახორციელებლად გამოყოფილია 450 მილიონი ევრო. ჩვენ მადლობელნი ვართ, ENPARD-ის მე-3 ფაზის ფარგლებში 77,5 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსებისთვის. ამ პროგრამის ფარგლებში, რომელსაც დღესაც ენიჭება არსებითი მნიშვნელობა სოფლის განვითარების კუთხით, ხდება თანამედროვე ევროპული ტექნოლოგიების და „ნოუ-ჰაუს“ გაზიარება სოფლის მეურნეობის სექტორში.
ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ შემდგომ ნაბიჯებს ევროკავშირთან საქართველოს სექტორული ინტეგრაციის გაღრმავების და ევროკავშირის ნორმებთან, სტრატეგიებსა და პრაქტიკასთან დაახლოების კუთხით.
ჩვენ ვაფასებთ ევროკავშირის მხრიდან საქართველოს სუვერენიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე მხარდაჭერას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ევროკავშირის აქტიურ მხარდაჭერას, რომელიც გამოიხატება სადამკვირვებლო მისიის საქმიანობის გაგრძელებაში, ასევე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში შუამავლის როლსა და არაღიარების და ჩართულობის პოლიტიკის მეშვეობით გაწეულ მხარდაჭერაში, წვლილი შეაქვს ადგილზე სტაბილურობის შენარჩუნებაში.
თავის მხრივ, საქართველო არის ევროკავშირის სტრატეგიული პარტნიორი და ერთგული მოკავშირე უსაფრთხოების სფეროში, რომელიც მზად არის, უდიდესი წვლილი შეიტანოს მთელს მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფის საქმეში. ჩვენ ვაგრძელებთ მონაწილეობას ევროკავშირის მისიებში და ოქტომბერში გაიმართა ევროკავშირი-საქართველოს სტრატეგიული უსაფრთხოების საკითხებზე დიალოგის პირველი შეხვედრა.
და ბოლოს, მინდა განვაცხადო, რომ ჩვენ ერთად შევქმენით კიდევ უფრო მტკიცე ურთიერთობების მყარი საფუძველი, რომელიც იძლევა მომავალში ინტეგრაციის შემდგომი გაღრმავების დიდ იმედს.
ჩვენ მზად ვართ და გვაქვს დიდი მოტივაცია, სრულად გამოვიყენოთ არსებული სამუშაო ჩარჩოების პოტენციალი და, ამავე დროს, მოვსინჯოთ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები, რათა მივაღწიოთ ევროკავშირთან ინტეგრაციის მაქსიმალურად მაღალ დონეს. ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ ვმუშაობთ ამბიციურ გზამკვლევზე, რომელშიც დასახული იქნება ჩვენი ევროპული დღის წესრიგის მთავარი მიმართულებები. ჩვენ იმედის თვალით შევყურებთ მჭიდრო თანამშრომლობას ჩვენს კოლეგებთან ევროკავშირიდან, რათა გავაღრმავოთ მუშაობა დღეს განხილულ ყველა ასპექტზე.” განაცხადა კვირიკაშვილმა.

Comments

comments