ცოტნე მაჭავარიანი პნევმატური იარაღიდან სროლაში ჩემპიონი გახდა

გერმანიის ქალაქ ჰოხბრიუკში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე ცოტნე მაჭავარიანი პნევმატური პისტოლეტიდან სროლაში ჩემპიონი გახდა. ამის შესახებ 1tv-ი წერს.

მაჭავარიანს შესარჩევ ეტაპზე პირადი რეკორდის გამეორებამდე ერთი ქულა დააკლდა და გამოსვლა 582 ქულით დაასრულა.

ქართველმა სპორტსმენმა ცალკეულ სერიებშიც საკმაოდ მაღალი შედეგები: 97, 95, 96, 98, 99 და 97 ქულა აჩვენა, ფინალში კი, ყველაზე უკეთ გამოვიდა და 242.0 ქულით გაიმარჯვა. მეორე ადგილზე უკრაინელი ევროპის ორგზის ჩემპიონი პავლო კოროსტილოვი გავიდა 241.7-ით, მესამე კი 220.1-ით 42 წლის მსოფლიოს ორგზის იაპონელი ტომოუკი მაცუდა იყო.

ევროპული თამაშების გამარჯვებული სერბი დამირ მიკეცი, ვინც შესანიშნავი შედეგით – 590 ქულით მოიგო შესარჩევი ეტაპი, მხოლოდ მეოთხე ადგილს დასჯერდა.

ჰოხბრიუკში საქართველოს გუნდიდან ნინო სალუქვაძე, ლევან ქადაგიძე, აკაკი მოსულიშვილი, ლიზი კილაძე და ახალგაზრდებში ევროპის ვიცე-ჩემპიონი ნინო ხუციბერიძეც გამოდიან, თუმცა მათგან ფინალში მხოლოდ კილაძე და ხუციბერიძე გავიდნენ. ხუციბერიძემ გამოსვლა მეხუთე ადგილზე დაასრულა.

Comments

comments