ვიდეო►როგორი იქნება ვაშლიჯვარი-გელოვანის გამზირის დამაკავშირებელი ესტაკადა

თბილისში მარშალ გელოვანისა და სარაჯიშვილის ქუჩების გადაკვეთაზე ესტაკადა აშენდება. შესაბამისი ტენდერი თბილისის მერიამ უკვე გამოაცხადა. ტენდერში წინადადებების მიღება 3 თებერვალს იწყება და 8 თებერვალს სრულდება. სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, ესტაკადის მშენებლობის შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 4 307 727 ლარს შეადგენს და მისი მშენებლობა, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების დადებიდან, 180 დღეში უნდა დასრულდეს.
დოკუმენტაციის მიხედვით, შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადად განისაზღვრება საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის
გაფორმებიდან 3 (სამი) წელი. სამუშაოების დასრულების შემდეგ საგარანტიო ვადის განმავლობაში რაიმე წუნის (ნაკლოვანებები,
დეფექტი) აღმოჩენის შემთხვევაში, თუ დადგინდება რომ აღნიშნული წუნი (ნაკლოვანებები, დეფექტი) გამოწვეულია უხარისხო ან/და არაჯეროვანი შესრულებით, მიმწოდებელი ვალდებული იქნება აღმოფხვრას უხარისხოდ შესრულებული სამუშაოები საკუთარი ხარჯებით.
სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, პრეტენდენტს 2015 წლის 1-ლი იანვრიდან უნდა გააჩნდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 150%-ის ღირებულების ახალი ხიდ(ებ)ის ან/და ესტაკად(ებ)ის ან/და გზაგამტარ(ებ)ის მშენებლობის სამუშაოების შესრულების გამოცდილება, მათ შორის ერთ ობიექტზე შესრულებული სამუშაოების ღირებულება უნდა შეადგენდეს არანაკლებ შესყიდვის სავარაუდო ღირებულების 50%-ს (წარმოდგენილ იქნას დამადასტურებელი დოკუმენტაცია – ხელშეკრულებ(ები)ა, ამ ხელშეკრულებ(ებ)ის შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი.
შეგახსენებთ, რომ ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე გადმოსასვლელი ესტაკადის მშენებლობა 2017 წელს უნდა დაწყებულიყო. ამ გზას მნიშვნელოვნად უნდა განეტვირთა სატრანსპორტო კვანძები. 2016 წლის ბოლოს თბილისის მაშინდელი მერი დავით ნარმანია აცხადებდა, რომ ეს ადგილი წარმოადგენდა ერთ-ერთ რთულ მონაკვეთს ქალაქში და ახალი ესტაკადა ამ გზაზე გადაადგილებას გაცილებით მარტივს გახდიდა.
უკვე თვითმმართველობის არჩევნებამდე, მაშინ, როდესაც თბილისის მერობის კანდიდატმა კახა კალაძემ საზოგადოებას, პროგრამული ხედვის ფარგლებში, სატრანსპორტო პოლიტიკა და მისი ძირითადი მიმართულებები წარუდგინა, პროგრამაში ვაშლიჯვრიდან გელოვანის გამზირზე გადმოსასვლელი ესტაკადაც მოხვდა. მაშინ ითქვა, რომ ესტაკადის მშენებლობა სწორედ 2018 წელს დაიწყებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ მარშალ გელოვანის ქუჩას ორმხრივი მიმართულების გზა აქვს, გამყოფი ზოლით და თითოეული მიმართულებით 3 სამოძრაო ზოლია, პიკის საათებში ქუჩა ძალიან გადატვირთულია და მოძრაობის სიჩქარე მკვეთრად ეცემა, მცირდება ქუჩის გამტარუნარიანობა, ამას ემატება ვაშლიჯვრის დასახლებიდან შეკრებილი სატრანსპორტო ნაკადები, რომლებიც ერთმანეთს სარაჯიშვილის ქუჩაზე უერთდებიან და გელოვანის ქუჩების გადაკვეთაზე ერთ დონეში გამოდის. ესტაკადის მოწყობა კი ცალსახად შეუწყობს ხელს მოძრაობის განტვირთვას.

Comments

comments