GDG ჯგუფი ვანში 4-ვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობას იწყებს

GDG ჯგუფი ვანში ოთხვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა მომავალი წლის იანვრის ბოლოს დაიწყება. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა ბეჟან წაქაძემ „კომერსანტს“ განუცხადა, ქალაქში მსგავსი ტიპის სასტუმრო არ არის.

„ვანის სასტუმროსთვის პროექტი უკვე მზად არის და მშენებლობას 2018 წლის იანვარში დავიწყებთ. სასტუმრო იქნება ოთხვარსკვლავიანი, პატარა მოცულობის, მასში დაახლოებით 1,5 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიცია ჩაიდება. მოგეხსენებათ, რომ ამ ქალაქში სასტუმრო არ არის და ამდენად, საჭიროა, რომ რაც შეიძლება მალე აშენდეს. მიმდებარე ტერიტორიაზე არქელოგიური მუზეუმი აშენდება და ვანის ნაქალაქარის რეაბილიტაცია დასრულდება. შესაბამისად, ვანში სასტუმროს არსებობა აუცილებელია“, – აღნიშნავს ბეჟან წაქაძე.
მისივე თქმით, სასტუმრო 25 ნომრიანი იქნება. მასში განთავსდება საკონფერენციო და სპორტული დარბაზები და რესტორანი.
რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე სასტუმროს მშენებლობას, ის გაზაფხულზე დაიწყება. როგორც კომპანიის დამფუძნებელი რამდენიმე თვის წინ „კომერსანტთან“ საუბრისას აღნიშნავდა, პროექტი გაფართოვდა, სასტუმროს ნომრები და პარკინგის ადგილები გაიზარდა: „პროექტის გაფართოების ერთ-ერთი მიზეზი რკინიგზის შემოსვლა გახდა. კერძოდ, მომავალი წლიდან ახალი სარკინიგზო მაგისტრალის მეშვეობით, აღმოსავლეთიდან დასავლეთის მიმართულებით, თუ პირიქით მოძრავი ყველა სამგზავრო მატარებელი ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ტერმინალიდან რამდენიმე მეტრში გაჩერდება“, აცხადებდა მაშინ წაქაძე.

დღეს კი, როგორც ირკვევა ქუთაისის აეროპორტთან სასტუმროს პროექტი კიდევ არ არის დამტკიცებული. „იცით, რომ პროექტში გარკვეული ცვლილებები შევიტანეთ და ახლა ამ ყველაფრის დამუშავება ხდება. მომავალი წლის გაზაფხულზე მშენებლობა დაიწყება. როგორც ვანის, ასევე აღნიშნული სასტუმროს შემთხვევაში მენეჯმენტი მთლიანად ქართული იქნება“, – აღნიშნავს წაქაძე.

მისივე თქმით, სამკვარსკვლავიანი სასტუმროს 100 ნომრიდან დაახლოებით ათი ნომერი უფრო მაღალ კლასზე იქნება გათვლილი. პროექტში 5 მილიონ დოლარამდე ინვესტიცია ჩაიდება.

Comments

comments