ჰოლანდიური რეალითი შოუს გამო, საქართველოში მილიონობით ჰოლანდიელს ელიან

რამდენიმე საათის წინ, ჰოლანდიის ერთ-ერთ ყველაზე რეიტინგულ ტელეარხზე Avrotros-ზე რეალითი შოუს wie is demol -ის მე-18 სეზონი დაიწყო, რომელსაც მილიონობით მაყურებელი ჰყავს და რომლის 10 ეპიზოდიც საქართველოში გადაიღეს.
სააგენტო „პირველმა“ საერთაშორისო პროექტის, სათავგადასავლო რეალითი შოუს wie is demol -ის საქართველოში გადაღებების ექსკლუზიური კადრები მოიპოვა.

თუ რა შედეგებს მოიტანს საქართველოში მილიონობით მაყურებლის მქონე ტელე-პროექტის ტურისტულად მიმზიდველ ადგილებში გადაღება და რა ხდებოდა გადასაღებ მოედნებზე, ამის შესახებ „პირველს“ ჰოლანდიური გადამღები ჯგუფის ქართველი პროდიუსერი ნინო აღლაძე ესაუბრა.

როგორც „პირველთან” საუბრისას ნინო აღლაძემ აღნიშნა, 18 წლის მანძილზე რეალითი შოუს ყველა სეზონს სხვადასხვა ქვეყანაში იღებენ და თითქმის უცვლელი სტატისტიკა დაფიქსირდა: შოუს მაყურებელთა 50 პროცენტი აუცილებლად ჩადის იმ ქვეყნის სანახავად, რომელშიც სათავგადასავლო შოუს ეპიზოდებია გადაღებული.

„ერთი წლის წინ, შოუს პროდიუსერი და რეჟისორი დამიკავშირდნენ და საქარველოში გადაღებებისთვის, პროდიუსერად ამიყვანეს. გადაღებები მაისიდან დაიწყო. იანვარში გადასაღები ლოკაციების სანახავად რომ ჩამოვიდნენ იმდენად აღფრთოვანდნენ ათივე ეპიზოდის საქართველოში გადაღება გადაწყვიტეს, არადა დაგეგმილი ჰქონდათ ხუთი ხორვატიაში გადაეღოთ, ხუთი – საქართველოში. საქართველომდე ხორვატიაში იყვნენ. ყველაზე მეტად მოეწონათ ქვეყნის მრავალფეროვნება. გაოცებულები იყვნენ, ასეთ პატარა ტერიტორიაზე ასეთი მრავალფეროვანი გადასაღები ადგილების მოძიება რომ შეძლეს“, – აღნიშნა „პირველთან“ საუბარში შოუს ქართველმა პროდიუსერმა

მისი ცნობით, რეალითი შოუ საერთაშორისო პროექტია და პირველად ბელგიაში გადაიღეს, შემდეგ კი რამდენიმე ქვეყანამ იყიდა, მათ შორის ამერიკამ. ჰოლანდიაში უკვე 18 წელია გადის და ყოველწლიურად იზრდება მისი რეიტინგი.

„სხვადასხვა პროექტთან დაკავშირებით, საქართველოში ბევრი გადამღები ჯგუფი ჩამომყავს და ყველა აღნიშნავს რომ ჩვენს ქვეყანას გადასაღები ლოკაციების ბიზნესის განვითარების კუთხით ძალიან დიდი პოტენციალი აქვს. ჰოლანდიური რეალითი შოუსთვის შერჩეულ გადასაღებ ლოკაციებს და ბუნებას რაც შეეხება, ჩვენი ქვეყანა ამ შოუში ყველანაირად წარმოჩინდება. ვიწყებთ დედაქალაქიდან და შემდეგ უკვე გადავდივართ რეგიონებში. სამწუხაროდ ვერ ავითვისეთ ზღვისპირეთი, თუმცა ისეთ ლოკაციები ჩავსვით აღფრთოვანდნენ. ჰოლანდიაში საქართველო არ არის პოპულარული ტურისტულად და ამ შოუს ისეთ სტატისტიკა აქვს ჩათვალეთ ექვსი იანვრის ღამეს, როცა wie is demol -ის პირველი ეპიზოდი ეთერში გავა, მაშინვე დაიწყება საქართველოში სამოგზაურო ჯავშნების შეკვეთა და ეს პროცესი მთელი წელი გაგრძელდება. შოუში ასახულია, როგორც საქართველოს ტურისტული პოტენციალი, ისე ქართული კულტურა, არქიტექტურა, პოლიფონია და ბევრი სხვა ასპექტი. საბედნიეროდ, რეჟისორი გახსნილი იყო ახალი იდეებისთვის და ჩემი შეთავაზება, შოუში ქართული პოლიფონია აჟღერებულიყო, სიამოვნებით მიიღო, ასევე გაითვალისწინა სხვა შეთავაზებებიც“, -აღნიშნავს პროდიუსერი ნინო აღლაძე.

მისივე ცნობით, აღნიშნულ შოუს რეიტინგი, ჰოლანდიის სატელევიზო სივრცის 40-45% მოიცავს, რაც ძალიან დიდი რიცხვია.

„18 წლის მანძილზე, ამ რეალითი შოუს სტატისტიკამ აჩვენა, რომ მაყურებელთა 50% მაინც მოგზაურობს გადასაღებ ქვეყნებში. მილიონობით ჰოლანდიელზეა საუბარი… ასე რომ წელს, ჰოლანდიიდან ტურისტთა ძალიან დიდ ნაკადს უნდა ველოდოთ საქართველოში. მიუხედავად იმისა, რომ ესპანეთი ტურისტულად ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი და წარმატებული ქვეყანაა, როდესაც შოუს ერთ-ერთი სეზონი ესპანეთში გადაიღეს, იმ წელს ჰოლანდიიდან ესპანეთში მოგზაურთა რიცხვი მკვეთრად გაიზარდა“, – აცხადებს ჰოლანდიური რეალითი შოუს ქართველი პროდიუსერი.

აღლაძის განმარტებით, რეალითი შოუში მონაწილეობს ათი პოპულარული სახე – მსახიობები, მუსიკოსები, ტელეწამყვანები და ა.შ. თითო ეპიზოდიდან თითო მოთამაშე ვარდება.

„თამაშის ერთ-ერთი ინტრიგა ისაა, რომ დასაწყისში არავინ იცის, რომელ ქვეყანაში მოხვდებიან, რეჟისორის და პროდიუსერების გარდა. მხოლოდ აეროპორტში იგებენ ამის შესახებ.საქართველოს შესახებ საერთოდ არაფერი იცოდნენ. აქ ჩამოსვლის შემდგ, მოთამაშეებს, საქათველოს სხვადასხვა კუთხეში, სხვადასხვა სახის დავალებებს აძლევენ – კულტურული, შემეცნებითი , სპორტული ხასიათის და ა.შ. ყველა დავალების შემდეგ ისინი გამოიმუშავებენ გარკვეულ თანხას. საერთო ჯამში დაგროვილი თანხა კი შოუს ფინალისტს რჩება. იქიდან გამომდინარე რომ ყველა ეპიზოდებში გადაღების ადგილი ინტრიგა და სიახლეა ყველას ვერ ჩამოვთვლი. ზღვისპირეთის გარდა, საქართველოს ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი გადაიღეს“ , – აცნობ “პირველს” ნინო აღლაძემ.

საერთაშორისო პროექტის ქართველი პროდიუსერის პროგნოზით, წინა წლების სტატისტიკაზე დაყრდნობით, წელს საქართველო მილიონობით ჰოლანდიელ ტურისტს უნდა ელოდოს და შესაბამის სტრუქტურებს და ტურისტულ დაწესებულებებს ვიზიტორთა დიდი ნაკადისთვის დასახვედრად მომზადებას ურჩევს.

წყარო

Comments

comments