სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს 3 წლით პატიმრობა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ, საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს სანდრო გირგვლიანის საქმეზე 4 წლის ვადით პატიმრობა მიუსაჯა. სააკაშვილს სასჯელი „ამნისტიის შესახებ“ კანონის საფუძველზე შეუმცირდა და საპატიმრო ვადა 3 წლის ვადით განესაზღვრა.

სასამართლოს გადაწყვეტილებითვე, სააკაშვილს მასვე ორი წლის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება, რაც ასევე „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის გამოყენებით, შეუმცირდა და საბოლოოდ ერთი წლის და ექვსი თვის ვადით ჩამოერთვა სახელმწიფო სამსახურში ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში დანიშვნითი თანამდებობის დაკავების უფლება.

მიხეილ სააკაშვილს ბრალად ედებოდა სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის მქონე პირის მიერ სამსამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, საჯარო ინტერესის საწინააღმდეგოდ, თავისთვის და სხვისთვის გამორჩენის და უპირატესობის მისაღებად, რამაც ფიზიკური პირების უფლების და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია.

“სასამართლომ საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომებზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით, დადასტურებულად მიიჩნია, მიხეილ სააკაშვილის მხრიდან, ალექსანდრე გირგვლიანის საქმესთან შემხებლობში მყოფი მაღალი თანამდებობის პირებისათვის, პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლების მიზნით გერონტი ალანიას, ავთანდილ აფციაურს, მიხეილ ბიბილურიძეს და ალექსანდრე ღაჭავას შეწყალების დაპირება, რაც მოგვიანებით შეასრულა. შესაბამისად, პასუხისმგებლობისგან აცილებულ იქნენ მაღალი თანამდებობის პირები, რამაც დაზარალებულის ოჯახის წევრთა უფლებებისა და სახელმწიფოს კანონიერი ინტერესების არსებით დარღვევა გამოიწვია”- ნათქვამია სასამართლოს განცხადებაში.

Comments

comments