21 წლის ქართველი ბიჭი, რომელიც facebook-ის შტატიანი თანამშრომელი გახდა

21 წლის ნიკა ნადირაძე facebook-ის შტატიანი თანამშრომელი გახდა.
როგორც ის საუბრისას აცხადებს, ხელშეკრულება უკვე გაფორმებულია და თებერვლიდან კომპანიაში სრულ განაკვეთზე იმუშავებს. ამასთან, ნიკამ რამდენიმე დღის წინ დაასრულა სწავლა ფლორიდას ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, სადაც კომპიუტერული მეცნიერებების ფაკულტეტზე სწავლობდა.

თბილისში ნიკა კომაროვის სკოლაში სწავლობდა. როგორც თვითონ იხსენებს პროგრამირებით ბავშვობიდან იყო დაინტერესებული და საინფორმაციო ტექნოლოგიების ცენტრში სხვადასხვა აქტივობებშიც მონაწილეობდა.

„დაახლოებით მე-10 კლასში ვიყავი, როცა დავიწყე ინგლისურში მეცადინეობა
-0:10
და სკოლის შემდეგ ფლორიდას ტექნოლოგიურ ინსტიტუტში მოვხვდი. მაშინ პრემიერის ფონდი არსებობდა, რომელიც სწავლის ნაწილობრივ დაფინანსებაში დამეხმარა და ასე წამოვედი ამერიკაში,“-აცხადებს ნიკა ნადირაძე.

მისივე თქმით, სწავლის პარალელურად 3-4 წელია ზაფხულის განმავლობაში „ფეისბუქში“ ინტერნად მუშაობს. როგორც ნიკა ჩვენთან საუბრისას აცხადებს, ბავშვობიდან საკმაოდ აქტიურად იყო ჩართული სხვადასხვა ოლიმპიადებში და სწორედ ერთ-ერთში მონაწილეობის შედეგია მისი „ფეისბუქში“ მოხვედრა.

„1-ელ კურსზე რომ ვიყავი, ბევრ კომპანიაში გავაგზავნე რეზიუმე, თუმცა არც კი მპასუხობდნენ. როგორც წესი, კომპანიები პოტენციურ აპლიკანტებს სწორედ სხვადასხვა ოლიმპიადებზე ეძებენ და ერთ-ერთი ასეთი ოლიმპიადაა „აისიფისი“, სადაც მეგობრებთან ერთად მივიღე მონაწილეობა. სამნი ვიყავით გუნდში, როგორც აღმოჩნდა, საკმაოდ კარგი შედეგი ვაჩვენეთ და კარგ პოზიციაზე გავედით. სწორედ ამის შემდეგ დაგვიკავშირდნენ „ფეისბუქიდან“, ჩემმა გუნდმა რეკომენდაცია გამიწია და კომპანიამ გასაუბრება დამინიშნა. მქონდა ორი სატელეფონო ინტერვიუ, რომლის დროსაც კონკრეტული ამოცანების ამოხსნა მომიწია. ამის შემდეგ კი შემომთავაზეს რომ ზაფხულობით „ფეისბუქში“ მემუშავა. თუმცა, ახლა უკვე კონტრაქტი გავაფორმეთ და თებერვლიდან სილიკონ ველზე, „ფეისბუქის“ ოფისში software engineer -ის (პროგრამისტი) პოზიციაზე სრულ განაკვეთზე ვიწყებ მუშაობას,“-აღნიშნა ჩვენთან საუბრისას ნადირაძემ.

მისივე თქმით, ტექნოლოგიურ კომპანიებში მოსახვედრად ოლიმპიადებში ჩართვა და მონაწილეობა იმითაც არის მნიშვნელოვანი, რომ როგორც წესი, კომპანიაში გასაუბრებაზე იმის მსგავსი ან ანალოგიური ამოცანები მოდის, რაც ოლიმპიადებზეა.

„ნებისმიერ ტექნოლოგიურ კომპანიაში თანამშრომლის აყვანისას ყველაზე მეტად ყურადღება ექცევა თუ როგორ ამოხსნი ამოცანას გასაუბრებაზე. ეს ყველაფერი ოლიმპიადებიდან მოდის, რადგან გასაუბრების კითხვები, როგორც წესი, ძალიან მსგავსია ან პრაქტიკულად იგივეა, რაც საოლიმპიადო პროგრამებში გვხვდება,“ – ამბობს ნიკა ნადირაძე.

ამასთან, მისივე თქმით, მის გარდა დაახლოებით 20-მდე ქართველია დასაქმებული სხვადასხვა წამყვან ტექნოლოგიურ ინსტიტუტში, თუმცა არ აქვს ზუსტი ინფორმაცია, თუ რამდენი მათგანია სრულ განაკვეთზე.

Comments

comments