რუსეთს 2018 წლის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა აეკრძალა

5 დეკემბერს, ლოზანაში, საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის (IOC) აღმასრულებელი კომიტეტის საგანგებო სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებით, რუსეთის ნაკრები, ვერ მიიღებს მონაწილეობას 2018 წლის ზამთრის ოლიმპიურ თამაშებში საკუთარი დროშით. რუს სპორტსმენებს უფლება აქვთ მხოლოდ ნეიტრალური ოლიმპიური დროშის ქვეშ ასპარეზობის. კომიტეტმა დადასტურებულად მიიჩნია ის ფაქტი, რომ რუსეთში სახელმწიფოს დონეზე შექმნეს და ხელს უწყობდნენ დოპინგის მიღების სისტემას.

ცერემონიაზე აიკრძალა რუსული ჰიმნი, მის ნაცვლად დაუკრავენ ოლიმპიურ ჰიმნს. რუსებს ფორმებზე მიაწერენ: “ოლიმპიური სპორტსმენი რუსეთიდან”.

რუს სპორტსმენებს, რომლებიც, საერთაშორისო კომიტეტის აზრით, იმსახურებენ ოლიმპიადაზე გამოსვლას, სპეციალური კომისია შეარჩევს. ოლიმპიადაზე მოხვდებიან მხოლოდ ის სპორტსმენები, რომლებიც დოპინგის მიღებაში არ არიან ეჭვმიტანილნი. მონაწილეობის წინ მათ კომიტეტის მიერ დადგენილი ყველა ტესტის ჩაბარება მოუწევთ.

საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტი გადაწყვეტს იმას, თუ ვინ შეძლებს გუნდების ტექნიკური შემადგენლობიდან და ჩინოსნებიდან ოლიმპიადაზე გამგზავრებას. რუსეთის არცერთი ნაკრების ხელმძღვანელი, რომელიც სოჭში მონაწილეობდა, სამხრეთ კორეაში ვერ მოხვდება. იგივე ეხება იმ სპორტსმენების მწვრთნელებს და ექიმებს, რომლებიც დოპინგის მიღებაში ამხილეს.

2018 წლის ოლიმპიადაზე რუსეთის სპორტის სამინისტროს ვერც ერთი წარმომადგენელი ვერ მიიღებს აკრედიტაციას, ხოლო სპორტის ყოფილ მინისტრს ვიტალი მუტკოს და მის ყოფილ მოადგილე იური ნაგორნიხს სიცოცხლის ბოლომდე აეკრძალათ ილიმპიადებზე დასწრება. რუსეთის ოლიმპიური კომიტეტის ხელმძღვანელ ალექსანდრ ჟუკოვს საერთშორისო ოლიმპიური კომიტეტის წევრობა ჩამოართვეს.

რუსეთმა უნდა გადაიხადოს 15 მილიონი დოლარი. ამით ის დაფარავს ანტიდოპინგური გამოძიებების ხარჯებს და დაეხმარება დოპინგ-ტესტირების დამოუკიდებელ ორგანიზაციას (ITA). თანხები უნდა გადაირიცხოს სწორედ ამ ორგანიზაციაში.

რუსეთის ილიმპიური კომიტეტის წევრობა საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტში შეჩერებულია. წევრობის დაბრუნება ქვეყანას შეუძლია 2018 წლის ზამთრის ილიმპიადის დახურვის ცერემონიის წინ.

დუმის დეპუტატებმა უკვე მოუწოდეს რუსეთს ბოიკოტი გამოუცხადონ ოლიმპიადას. რუსი სპორტსმენებიდან ვინ გამგზავრება ოლიმპიადაზე და ვინ – არა, ჯერჯერობით უცნობია. არსაოფიციალური ინფორმაციით რუსეთის პრეზიდენტი პუტინი სიტუაციაზე კომენტარს 6 დეკემბერს გააკეთებს.

ოლიმპიური თამაშების ისტორიაში ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც დოპინგ-სკანდალის გამო, ოლიმპიადაზე არ იქნება ქვეყნის და ამ შემთხვევაში, რუსეთის დროშა და გამარჯვების შემთხვევაში არ დაუკრავენ იმ ქვეყნის ჰიმნს.

ზამთრის ილიმპიადა სამხრეთ კორეაში 2018 წლის 9-დან 25 თებერვლამდე გაიმართება.

Comments

comments