დაპირისპირება რადას შენობასთან – უკრაინის სპეცრაზმმა კარვების ქალაქზე შტურმი განახორციელა

კიევში, რადასთან კარვების ქალაქზე უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა შტურმი განახორციელა. უკრაინული მედია წერს, რომ შტურმი მიზნად საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის დაკავებას ითვალისწინებდა.
რადასთან შეკრებილებსა და სპეცდანიშნულების რაზმს შორის შეტაკება რამდენჯერმე მოხდა.
სპეცდანიშნულების რაზმმა მოგვიანებით, აქციის მონაწილეების დასაშლელად, ცრემლსადენი გაზის გამოიყენა.
კიევის ცენტრში, კარვების ქალაქთან შეკრებილები ახლა საბურავებისგან ბარიკადებს აგებენ.
მომხდარს სოციალურ ქსელში თავად მიხეილ სააკაშვილიც აღწერს. მისი თქმით, სამართალდამცავები კარავს თავს შეცდომით დაესხნენ და ხალხი სასტიკად სცემეს.
სააკაშვილი უკრაინის სამართალდამცავ უწყებაში დაკითხვაზეა დაბარებული. ვადა, რომელიც მას მისცეს უწყებაში გამოსაცხადებლად, დღეს დილით იწურება.
„მოვუწოდებ სააკაშვილს, ერთხელ მაინც გამოიჩინოს კაცური სიბრძნე და პასუხისმგებლობა საკუთარ სიტყვებზე. მოვუწოდებ, შეწყვიტოს ტყუილის გავრცელება, უკრაინელების დაპირისპირება და თავად გამოცხადდეს საგამოძიებო ორგანოში“, განაცხადა უკრაინის გენერლურმა პროკურორმა, იური ლუცენკომ.

Comments

comments