თბილისის ინდუსტრიულ ზონაში ორმა კომპანიამ ოპერირება უკვე დაიწყო

თბილისის ინდუსტრიულ ზონაში ორმა კომპანიამ ოპერირება უკვე დაიწყო. ამის შესახებ „კომერსანტთან“ ზონის ადმინისტრატორი კომპანია შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალური დირექტორი გიორგი ტაბიძე საუბრობს.

მისი განცხადებით, საუბარია აზერბაიჯანულ და უკრაინულ ლოგისტიკურ კომპანიებზე, რომლებიც საქონლის იმპორტს ეწევიან, თიზ-ში ასაწყობებენ და შემდეგ ექსპორტით გააქვთ.

ტაბიძის ინფორმაციით, პარარელურად დაწყებულია მოიჯარე ლოგისტიკური კომპანიების მხრიდან სასაწყობე ფართების მშენებლობა. ანალოგიური დანიშნულების საწყობების მშენებლობა კი თიზ-ის მენეჯმენტის მხრიდან ახალი წლიდან დაიწყება და 2018 წლის მაისში დასრულდება. ამაში კომპანია დაახლოებით 600 -700 000 დოლარის ინვესტიციას ახორციელებს.

შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკის“ გენერალური დირექტორი განმარტავს, რომ მუშაობა მიმდინარეობს ფარმაცევტული პროდუქციის წარმოების დაწყებაზე. პროექტით დაინტერესებულები არიან ინდოელები. ტაბიძის განცხადებით, შენობის სპეციფიკიდან გამომდინრე, ბევრი დეტალებია დასაზუსტებელი, შედეგად, პროექტის დაწყება ტექნიკური მიზეზის გამო ჭიანურდება.

შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობის დადგენილებით, 2015 წლის დეკემბერში თბილისში, გლდანის რაიონში მდებარე 17 ჰექტარ არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთზე, 49 წლის ვადით თავისუფალი ინდუსტრიული ზონა შეიქმნა. ზონის ორგანიზებისა და ადმინისტრირების უფლებამოსილება შპს „ჯორჯია ტექნოლოჯი პარკს“ მიენიჭა. კომპანია თიზ-ში მინიმუმ 30 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიციის განხორციელებასა და ათეულობით ახალი სამუშაო ადგილის შექმნას გეგმავს.

Comments

comments