პირველი ქართველი ზე-რაგბში

ბორჯღალოსანი კვაჭი ჯაბა ბრეგვაძე პირველი ქართველია, რომელიც ზე-რაგბში ითამაშებს. 30 წლის მორაგბემ იაპონურ ‘სანვულვზთან’ კონტრაქტი უკვე გააფორმა და სუპერ რაგბის კლუბს 1 იანვრიდან შეუერთდება. ამ ტრანსფერში უდიდესი როლი მილთონ ჰეიგს მიუძღვის, რომელმაც ბრეგვაძე იაპონელებს დააკავშირა.

„აგვისტოში მილტონ ჰეიგს მისი მეგობარი ჯეიმი ჯოზეფი დაუკავშირდა, რომელიც იაპონიის ნაკრებისა და ‘სანვულვზის’ მთავარი მწვრთნელია და უთხრა, რომ პირველი და მეორე ხაზის მოთამაშეებს ეძებდა. მილთონმა ეს წინადადება მე გამაცნო და ჩემი აგენტის მეშვეობით მოლაპარაკება დაიწყო, რომელიც მალევე წარმატებით დასრულდა და იაპონელებთან კონტრაქტი გავაფორმე. მისი მოქმედების 1 იანვარს იწყება და ‘სანვულვზში’ ერთ სეზონს გავატარებ, მერე კი ვნახოთ რა როგორ იქნება“ – ამბობს ბრეგვაძე, რომელიც ფიქრობს, რომ სუპერ რაგბის სათამაშო ტემპს ალღოს მალე აუღებს:

„ფიზმომზადების მწვრთნელთა მიმოწერა მქონდა და მითხრა რა კონდიციებია საჭირო იქ სათამაშოდ. რასაც აქ ვარჯიშობთ და რა მოთხოვნებიც აქ გვაქვს, მასსა და ახალ მოთხოვნებს შორის დიდი განსხვავება არაა. იაპონელი ფიზმომზადების მწვრთნელი ჩვენს ფიზმომზადების მწვრთნელთან, ირაკლი ჭყონიასთან დავაკავშირე და წასვლამდე მომზადებას მასთან გავივლი. ველოდები ვიზას და იანვრიდან ახალ გუნდს შევუერთდები“.

იყო პირველი – ეს ყოველთვის გამორჩეული მოვლენაა და ბრეგვაძეს პასუხისმგებლობა სრულად აქვს გათვითცნობიერებული:

„სუპერ რაგბში თამაშით ძალიან დიდ გამოცდილებას მივიღებ. იაპონიის ნაკრები ახლახანს ფრედ ეთამაშა საფრანგეთს, შარშან ცოტა დააკლდა უელსთან და 2015 წლის მსოფლიო თასზე დაამარცხა სამხრეთ აფრიკა, ხოლო ‘სანვულვზი’ იაპონიის ნაკრების საბაზო გუნდია. მომიწევს თამაში ახალ ზელანდიელი, სამხრეთ აფრიკელი, ავსტრალიელი და არგენტინელი ვარსკვლავების წინააღმდეგ.

„გარდა ამისა, ესაა უდიდესი პასუხისმგებლობა, რადგან ვიქნები პირველი ქართველი სუპერ რაგბში და უნდა დავამტკიცო, რომ თუ ვთამაშობთ ევროპის წამყვან ჩემპიონატებში, ამის გაკეთება სუპერ რაგბშიც შეგვიძლია. ვფიქრობ, იქ ინგლისზე უფრო მაღალი სათამაშო ტემპია, მაგრამ თუ ფიზიკურად მზად ვიქნები, ორი-სამი თამაშის შემდეგ ამ ტემპს ალღოს ავუღებ და ყველაფერი კარგად იქნება“.

ჯაბა ბრეგვაძეს 2012-2014 წლებში საფრანგეთში, ტოპ 14-ის ‘ტულუზში’, ხოლო 2015-2017 წლებში ინგლისის პრემიერშიფის ‘ვუსტერში’ უთამაშია. წელს ის დიდ 10-ში თბილისის ‘ლოკომოტივის’, ხოლო ჩელენჯ ქაფზე კრასნოიარსკის ‘კრასნი იარის’ ღირსებას იცავდა.

ჯაბამ ბორჯღალოსნების რიგებში 49 სანაკრებო კეპი მოიხვეჭა და ორ მსოფლიო თასზე (2011 2015) ითამაშა.

Comments

comments