პარლამენტმა სახალხო დამცველად ნინო ლომჯარია აირჩია

საქართველოს პარლამენტმა სახალხო დამცველის თანამდებობაზე 5 წლის ვადით ნინო ლომჯარია აირჩია. მას მხარი 96-მა დეპუტატმა დაუჭირა, წინააღმდეგ კი 5 წავიდა. ნინო ლომჯარია სახალხო დამცველის კანდიდატად საპარლამენტო უმრავლესობამ წარადგინა.

რაც შეეხება ფრაქცია „საქართველოს პატრიოტების“ მიერ წარდგენილ კანდიდატს, გიორგი ფოფხაძეს, მას 20-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 27-მა კი მის წინააღმდეგ მისცა ხმა.

„ძალიან ემოციური მომენტია ჩემთვის სახალხო დამცველად არჩევა იმ განხილვების ფონზე რაც მიმდინარეობდა. ბევრი კრიტიკული პოზიცია იყო, შესაბამისად ამ უმრავლესობით მხარდაჭერა ჩემთვის ძალიან სასიხარულოა. ჩემი მთავარი ამოცანა იქნება, რომ ხალხთან უფრო ახლოს ვიყო, ვიმუშაო ყველა იმ საკითხზე, რაც საზოგადოებას აწუხებს და რაც შეიძლება მეტმა ადამიანმა იგრძნოს, რომ სახალხო დამცველი მათ უფლებებს იცავს. ყველას და მათ შორის, საპარლამენტო უმრავლესობის მხრიდანაც მოლოდინი არის, რომ ვიყო ობიექტური, პრინციპული და კონსტრუქციული თანამშრომლობის თვალსაზრისით“, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ ტელეკომპანია „პირველის“ ეთერში.

ნინო ლომჯარია 2016 წლის ნოემბრიდან მუშაობდა სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2011 წლიდან 2016 წლამდე ხელმძღვანელობდა არასამთავრობო ორგანიზაცია „სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებას“ (ISFED). 2004-2008 წლებში ლომჯარია საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში მუშაობდა იურისტად. 2008-2010 წლებში ამავე ორგანიზაციაში მუშაობდა საარჩევნო პროექტების მენეჯერად.

Comments

comments