ქართული ღვინო გინესის რეკორდების წიგნში შევიდა

გინესის მსოფლიო რეკორდების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციაში წერია, უძველესი ღვინო საქართველოშია აღმოჩენილი.

ძვ.წ. 6000-5800 წლით დათარიღებული ღვინის ქიმიური მტკიცებულებები მიღებულია უძველესი თიხის ნარჩენებისგან, რომელიც საქართველოში გათხრების შედეგად გამოვლინდა. ნარჩენები ღვინის სახით განისაზღვრა, რადგან ის შეიცავს ღვინის მჟავას, რომელიც დიდი რაოდენობითაა მხოლოდ ახლო აღმოსავლეთში ევრაზიულ ყურძენში და მისგან დამზადებულ ღვინოში. სხვა ორგანული მჟავების (ვაშლის, ლიმონის და ქარვის მჟავები) გამოვლენა, რაც ასევე ევრაზიის ყურძენშია აღმოჩენილი, ადასტურებს ამ დასკვნას.

ღვინის ნარჩენები აღმოჩენილ იქნა დიდი ზომის თიხის ჭურჭელში, რომელსაც ღვინის ფერმენტაციისთვის და შესანახად იყენებდნენ. ამ აღმოჩენამდე ღვინის ყველაზე ძველი ნარჩენები, რომელიც ძვ.წ. 5400-5000 წლით თარიღდებოდა, ნაპოვნი იყო ირანში. ახალი აღმოჩენა ამტკიცებს, რომ მეღვინეობა უკვე 8 ათასი წლისაა.

არქეოლოგიური აღმოჩენის ავტორია პენსილვანიის უნივერსიტეტის ანთროპოლოგიისა და არქეოლოგიის მუზეუმის პროფესორი პატრიკ მაკგოვერნი და მეცნიერები საქართველოდან, საფრანგეთიდან, იტალიიდან, ისრაელიდან, კანადიდან, დანიიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან, რომლებიც მონაწილეობდნენ საქართველოს ღვინისა და ყურძნის შემსწავლელ კვლევაში.

Comments

comments