თბილისის გზებზე ნაგვის მანქანები დღის საათებში აღარ იმოძრავებენ

თბილისის მერის კახა კალაძის განცხადებით, დედაქალაქში საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანა ღამის საათებში უნდა განხორციელდეს, რათა ქალაქის გზებზე ტრანსპორტის მოძრაობა არ შეფერხდეს.
​როგორც კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე დღეს განაცხადა, ასეთი გადაწყვეტილება მან დედაქალაქის მოსახლეობის მხრიდან შესული წერილების საფუძველზე მიიღო.
თბილისის მერმა, თავის მოადგილე მაია ბითაძეს დაავალა, შპს „თბილსერვისჯგუფის“ ხელმძღვანელობასთან ერთად შეიმუშაოს საყოფაცხოვრებო ნარჩენების გატანის გეგმა და ორი კვირის ვადაში წარმოადგინოს.
კალაძის თქმით, ​​ნარჩენების გატანა დილისა და დღის საათებში გარკვეულ დისკომფორტს ქმნის ქალაქში, ამიტომ, საჭიროების შემთხვევაში მოსახლეობის მხრიდან დახმარების სურვილიც გამოითქვა.
„ნარჩენების გატანა დილის და დღის საათებში გარკვეულ დისკომფორტს ქმნის. მოქალაქეების დახმარება თუ დაგვჭირდება, ამის მზაობა არის. ძალიან ბევრი წერილი შემოდის, ამიტომ თანადგომა იქნება საზოგადოების მხრიდან. მთავარია, წარმოვადგინოთ სწორი ხედვა, თუ რა უნდა გაკეთდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.

Comments

comments