ბიზნეს სახლის სამშენებლო სამუშაოებისთვის 71.6 მილიონი გამოიყო

თბილისში ბიზნეს სახლის სამშენებლო სამუშაოებისთვის 71.6 მილიონიანი ტენდერი გამოცხადდა.

სახელმწიფო მომსახურების სააგენტოს მიერ გამოცხადებული ტენდერის პირობით, გამარჯვებულმა კომპანიამ 5 სართულიანი შენობა უნდა ააშენოს. სამუშაოების განხორციელების ვადა 19 თვეა, რაც შეეხება შენობას ის თანამედროვე, ინოვაციური და ენერგოეფექტური იქნება.

შენობაში ინტეგრირებულია მდგრადი განვითარების სისტემები, მოხდება განახლებადი ენერგიების გამოყენება, წვიმის წყლის შეგროვება. მწვანე სახურავის 10% მზის ბატარეებს, ხოლო 4% თერმოპანელებს ეთმობა.

პროექტი ითვალისწინებს 5 ძირითადი და 1 შუალედური სართულის მქონე, 6 ფლიგელის აშენება, რომელთა სახურავებს სხვადასხვა დახრა აქვთ, თუმცა ისინი ინტერიერში ერთიან სივრცეს ქმნიან. მას აქვს შიდა ეზოები-„პატიოები“, რომლებიც გამწვანებულ სარეკრეაციო სიცრცეებს წარმოადგენენ და წყლის შეგროვებისთვისაც გამოიყენებიან.

შენობის სახურავის გამწვანება შედგება ექსტენსიური და ნახევრად ინტენსიური საფარისგან. ტექნოლოგიურად გათვალისწინებულია სპეციალური სამაგრები მზის პანელებისათვის, რომელთა ქვეშ მწვანე საფარი გრძელდება და საგრძნობლად ამცირებას მათ გადახურებას. სახურავის ნაწილი დატვირთულია რეკრეაციული ფუნქციით და ხედებით ვიზიტორთათვის, ნაწილი კი გამოყენებულია ტექნიკურ ტერასებად, რომლებიც არ ხვდება ვიზიტორთა ხედვის არეალში.

შეგახსენებთ, ენერგოეფექტური ბიზნეს სახლის კონსტრუქციის მშენებლობას კომპანია „ენსისი“ განახორციელებს, რისთვისაც 10.087 მლნ ლარს მიიღებს. რკინა-ბეტონის კონსტრუქციით მოწყობილი შენობის კარკასის მშენებლობის საერთო ვადა 7 თვეს შეადგენს.

„ბიზნეს სახლში“ უზრუნველყოფილი იქნება როგორც ფიზიკური ისე ელექტრონული სივრცის განვითარება, სადაც ბიზნესის წარმომადგენლებს საშუალება ექნებათ ერთი ფანჯრის პრინციპით, ერთ სივრცეში მიიღონ 600-ზე მეტი სერვისი.

Comments

comments