სახელმწიფო ვანო მერაბიშვილს 4 000 ევროს გადაუხდის

იუსტიტიის მინისტრი თეა წულუკიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “სტრასბურგის სასამართლომ ცალსახად განაცხადა და დაასაბუთა, რომ ივანე მერაბიშვილის პატიმრობასა და სისხლისსამართლებრივ დევნაში არ იკვეთებოდა პოლიტიკური მოტივები და რომ ამ მხრივ მომჩივნის არგუმენტები ვერ იქნებოდა გაზიარებული (იხ. პუნქტ. 320-329). თუმცა, მან დაადგინა, რომ საკნიდან გაყვანის ფაქტი შეუსაბამო იყო მე-18 მუხლის მიზნებთან და ამ ნაწილში მომჩივნის არგუმენტები გაიზიარა”.

“მე-18 მუხლთან დაკავშირებით ხმების ამგვარად გაყოფის პირობებში, 8 მოსამართლემ, რომელმაც მე-18 მუხლის დარღვევას მხარი არ დაუჭირა, გადაწყვეტილებას დაურთო განსხვავებული აზრი. მათ შორისაა სტრასბურგის სასამართლოს თავმჯდომარეც.

აქედან გამომდინარე, სასამართლომ გადაწყვიტა, რომ:
ივანე მერაბიშვილისთვის მორალური კომპენსაციის სახით გადახდილ იქნეს თანხა 4000 ევროს ოდენობით. თავად მომჩივანი ითხოვდა 15000 ევროს;

მისი ადვოკატებისთვის ჰონორარის სახით მოთხოვნილი თანხების ნაწილში მომჩივნის შუამდგომლობა სრულად იქნა უარყოფილი და ამ ნაწილში სასამართლომ კომპენსაცია მომჩივნის ადვოკატებს არ მიანიჭა. ბრიტანელი ადვოკატები ითხოვდნენ 29 775 გირვანქა სტერლინგის ანაზღაურებას სახელმწიფოსგან ჰონორარის სახით, ხოლო ოთარ კახიძე, ასევე ითხოვდა ჰონორარის სახით სახელმწიფოსგან 43 641 აშშ დოლარის ანაზღაურებას”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

Comments

comments