საქართველოსა და უკრაინას შორის მიმოსვლა შესაძლოა, მხოლოდ ID ბარათების საშუალებით მოხდეს

საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეებმა შესაძლოა, საზღვრის გადაკვეთა ID ბარათებით შეძლონ. ამის შესახებ უკრაინის პრემიერ-მინისტრმა ვლადიმერ გროისმანმა გიორგი კვირიკაშვილთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
“ჩვენ უნდა გავამარტივოთ მოგზაურობა ჩვენს ქვეყნებს შორის, ჩვენი მოქალაქეებისთვის. ვიცით, რომ საქართველოსა და უკრაინის მოქალაქეები დაინტერესებულნი არიან ჩვენს ქვეყნებში სტუმრობით და დღეს ჩვენ გამოვთქვით დიალოგის დაწყების სურვილი ID ბარათების აღიარებასთან დაკავშირებით, რათა ჩვენი მოქალაქეებისთვის, ჩვენს ქვეყნებში მიმოსვლა უფრო მოხერხებული გახდეს”, – განაცხადა უკრაინის პრემიერ-მინისტრმა.

უკრაინის პრემიერ-მინისტრი ვლადიმერ გროისმანი საქართველოს 26 ნოემბერს ეწვია.

27-28 ნოემბერს ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში უკრაინის პრემიერ-მინისტრი საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებთან რამდენიმე შეხვედრას გამართავს.

28 ნოემბერს, უკრაინის პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ერთად, სიტყვით გამოვა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის გახსნით სესიაზე, ასევე – მონაწილეობას მიიღებს თემატურ დისკუსიაში – „High Level Dialogue on Belt and Road Connectivity for Stability“.

ოფიციალური ვიზიტის დასასრულ, საქართველოს პრემიერ-მინისტრი უკრაინელ კოლეგას, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალურ სადილზე უმასპინძლებს.

Comments

comments