ზამთარში თუშეთის სოფლებს ინტერნეტი უფასოდ მიეწოდება

ააიპ „თუშეთის განვითარების ფონდის“ გადაწყვეტილებით, ზამთარში, ნოემბრიდან აპრილის თვის ჩათვლით თუშეთის სოფლებში დარჩენილ მოსახლეობას ინტერნეტი უფასოდ მიეწოდება. წელს ზამთარში მოსახლეობა თუშეთის სამ სოფელში დარჩა, ომალოში, შენაქოსა და ბოჭორნაში, სულ 21 ადამიანი. აქედან შენაქოში 3, ბოჭორნაში კი 1, დანარჩენი ომალოში.

თუშეთის განვითარების ფონდის წარმომადგენლის ზურაბ ბაბულაიძის თქმით, მოცემულ პერიოდში, 6 თვის განმავლობაში ინტერნეტი უფასო იქნება მთაში პერიოდულად ან საახალწლოდ დაბრუნებული თუშებისთვისაც.

თუშეთის 30–მდე სოფელში Wi-Fi ინტერნეტი პირველად ხელმისაწვდომი 2017 წლის აგვისტოში გახდა.

თუშეთის ინტერნეტიზაცია ამერიკული ორგანიზაცია ISOC–ის ფინანსური მხარდაჭერით განხორციელდა და დაახლოებით 100 ათასი ლარი დაიხარჯა. ინტერნეტის სერვისის ადმინისტრირებას თუშეთის განვითარების ფონდი ახდენს. ზურაბ ბაბულაიძის თქმით, ზაფხულში Wi-Fi ინტერნეტს დაახლოებით 50-მდე აბონენტი ჰყავდა და 2018 წლის სეზონზე მომხმარებელთა რაოდენობის ზრდას ვარაუდობენ.

ფიზიკური პირებისთვის არსებობს 30 ლარიანი (2-3 მბ/წმ), 50 ლარიანი (4-5 მბ/წმ) და 150 ლარიანი (8-10 მბ/წმ) ინტერნეტ–პაკეტები. მეწარმეებისთვის 50 ლარი ღირს 2-3 მბ/წმ, 100 ლარი 4-5 მბ/წმ და 200 ლარი 8-20 მბ/წმ.

გომეწრის ხეობის, ასევე პირიქითა თუშეთის რამდენიმე სოფელსა და წოვათაში, სადაც სატელეფონო კავშირი დღემდე არ არის ხელმისაწვდომი, კომუნიკაციის ერთადერთი საშუალება Wi-Fi ინტერნეტია, რომლის გამოყენებითაც, რამდენიმე თვის განმავლობაში იქ მცხოვრებლები ოჯახის წევრებს ან საქმიან პარტნიორებს სკაიპის ან ვაიბერის საშუალებით უკავშირდებიან.

Comments

comments